საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
კლაუდია ვულფი
Claudia
კლაუდია Silent Hill 3-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
29 (დაიბადა 1971 წელს)
სტატუსი
გარდაცვლილი
საქმიანობა
ორდერის ქურუმი
გამოჩნდა
Silent Hill 3
ახმოვანებს
დონა ბიორკი
ლორა ბეილი (Silent Hill HD Collection)

კლაუდია ვულფი Silent Hill 3-ის პერსონაჟია. თუმცა იგი თამაშის მთავარი ბოროტმოქმედია, მას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს, არამედ გზააბნეული რელიგიური ფანატიკოსია. კლაუდია ორდერის ლიდერია, რომლის მთავარი მიზანი სამარადისო „სამოთხის“ შექმნაა. ამის მიუხედავად, იგი თამაშში მომხდარი ყველანაირი უბედურებისთვისაა პასუხისმგებელი.

Silent Hill 3[]

პირველი თამაშის მოვლენების შემდეგ, 17 წლის წინ გაუჩინარებული ჰითერ მეისონის მოსაძებნად კლაუდია კერძო დეტექტივ დუგლას კარტლანდს დაიქირავებს. ისინი ცენტრალური მოედნის სავაჭრო ცენტრში მივლენ, სადაც დუგლასი ჰითერს ეტყვის, რომ მას კლაუდია ელოდება. ჰითერი მოწვევაზე უარს იტყვის და დუგლასს გაექცევა, თუმცა ცენტრში ხეტიალისას იგი კლაუდიას მაინც შეხვდება, რომელიც განაცხადებს, რომ „სამოთხის“ შესაქმნელად მისი ძალაა საჭირო და რომ მან თავისი წარსული უნდა გაიხსენოს, რათა „სამოთხისკენ“ მათ სისხლიანი ხელებით გაუძღვეს, რის შემდეგაც ჰითერს ძლიერი თავისტკივილი დაეწყება, კლაუდია კი წავა.

სანამ ჰითერი სხვა სამყაროშია დაკარგული და შინ დასაბრუნებელ გზას ეძებს, კლაუდია მისიონერის ხელით ჰარი მეისონს მოკლავს და მის ცხედარს სავარძელში დატოვებს. იგი ჰითერს მისი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე შეხვდება და მას საილენთ ჰილში დაიბარებს, სადაც ჰითერი დუგლასთან ერთად წავა.

მომდევნო სცენაში კლაუდია და ვინსენტ სმითი ჯეკს ინში კულტისა და კლაუდიას ძალადობით სავსე წარსულის შესახებ საუბრობენ. მას შემდეგ, რაც იქ ჰითერი დაბრუნდება, ვინსენტი მას ეტყვის, რომ კლაუდია ტბა ტოლუკას ნაპირას მდებარე ეკლესიაში იმყოფება.

კლაუდია და დუგლასი ერთმანეთს ტბისპირა გასართობ პარკში შეხვდებიან. დუგლასი იტყვის, რომ კლაუდიამ იცრუა, როდესაც მას უთხრა, რომ ჰითერი მოიტაცეს და გონება გამოურეცხეს, რადგან, მისი აზრით, ჰითერი ჩვეულებრივი გოგონაა. კლაუდია მას ეტყვის, რომ ჰითერი ღმერთის გასაჩენადაა საჭირო, რომელიც ახალ „სამოთხეს“ შექმნის - მსოფლიოს ტკივილის, შიმშილის, ავადმყოფობის, სიბერის, სიხარბისა და ომიანობის გარეშე. დუგლასი მას უპასუხებს, რომ ასეთი მსოფლიო სამოთხე კი არა, უმოქმედო, უაზრო და მოსაწყენი ადგილი იქნება, სადაც ფასი არაფერს ექნება. კლაუდია განაცხადებს, რომ მას იგი ეცოდება, რის შემდეგაც დუგლასი რევოლვერს ამოიღებს და კლაუდიას დაუმიზნებს.

მოგვიანებით, ჰითერი კლაუდიას ეკლესიაში შეხვდება და ეტყვის, რომ ალესას მსოფლიო ისეთი მოსწონს, როგორიც არის. კლაუდია განაცხადებს, რომ მსოფლიოში მეტისმეტად ბევრი ტანჯვაა, რასაც ღმერთი გამოასწორებს. ჰითერი მას უპასუხებს, რომ ტანჯვაც ცხოვრების ნაწილია და იგი რეალობას უბრალოდ უნდა შეეგუოს. უეცრად ჰითერი ძლიერ ტკივილს იგრძნობს. კლაუდია მიხვდება, რომ ღმერთი დასაბადებლად ემზადება და მას გაეცლება.

თამაშის დასასრულს ვინსენტი და კლაუდია ეკლესიაში დავობენ. ვინსენტი განაცხადებს, რომ ირგვლივ არსებული სამყარო ღმერთის ნამოქმედარი კი არა - კლაუდიას პირადი კოშმარია, ისეთივე, როგორიც 17 წლის წინ ალესამ შექმნა. იგი კლაუდიას ეტყვის, რომ მან სრულიად დაკარგა გონება. ჰითერის გამოჩენის შემდეგ ვინსენტი იტყვის, რომ კლაუდია ღმერთის მსახური კი არა - დემონია და მისი მოკვლის დრო მოვიდა. მოულოდნელად კლაუდია მას ზურგში ხანჯალს ჩასცემს. ჰითერის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება სიძულვილით შობილმა ღმერთმა სამოთხე შექმნას, კლაუდია უპასუხებს, რომ ბედნიერი ადამიანები სასტიკები არიან და რომ სიმპათიის დაბადება ტკივილისა და ტანჯვისგანაა შესაძლებელი, თუმცა იქვე დასძენს, რომ თავად „გადარჩენას“ არ ელოდება. იგი ალესას (ჰითერს) ეტყვის, რომ შენდობას არ იმსახურებს იმ ტკივილისათვის, რაც მას განაცდევინა, იმის მიუხედავად, რომ ეს ღმერთის შობის დასაჩქარებლად და კაცობრიობის გადასარჩენად გააკეთა. მას შემდეგ, რაც მეტატრონის ბეჭედი მასზე არ იმოქმედებს, კლაუდია მომაკვდავ ვინსენტს გულში ხანჯალს ჩასცემს და მოკლავს. ჰითერს მშობიარობა დაეწყება, თუმცა თავის გულსაკიდში დამალული აგლაოფოტისის აბის გადაყლაპვის შემდეგ იგი „ღმერთის“ ემბრიონს ამოაღებინებს და მის გასრესვას შეეცდება. თავზარდაცემული კლაუდია მას ხელს ჰკრავს და, სავარაუდოდ, ემბრიონს გადაყლაპავს. გადამწყვეტი ბრძოლის წინა სცენაში ჩანს, რომ კლაუდიასგან მხოლოდ მისი შავი კაბა დარჩა.

Advertisement