FANDOM


მარფი პენდლტენი
Murphy.png
მარფი პენდლტენი Silent Hill: Downpour-დან
სქესი
მამრობითი
ასაკი
ზრდასრული
სტატუსი
ცოცხალი (გარდა დასასრულ Execution-სა)
საქმიანობა
პატიმარი
გამოჩნდა
Silent Hill: Downpour
Anne's Story
Silent Hill: Book of Memories (კამეო)
ახმოვანებს
დევიდ ბოიდ კონრადი (Downpour)
ტროი ბეიკერი (Book of Memories)

მარფი პენდლტენი Silent Hill: Downpour-ის გმირია. მისი წარსულის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი ობოლთა სახლში გაიზარდა. მარფი პოლიციის მანქანის გატაცებისთვის ციხე რიალში იხდიდა სასჯელს, როგორც პატიმარი RS 273A. სწორედ ამ ციხეში მომხდარი მკვლელობები დაედო საფუძვლად თამაშის მოვლენებს.

Silent Hill: Downpour რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

თამაშის დასაწყისში ციხის ოფიცერი ჯორჯ სიუელი მარფის საიდუმლოდ საშხაპეში შეუშვებს, სადაც იზოლირებული პატიმარი პატრიკ ნეიპიერი იმყოფება. მარფი მას გაახსენებს, რომ ისინი უწინ მეზობლები იყვნენ და მის ცემას დაიწყებს.

მოგვიანებით, ციხეში მომხდარი ჯანყის გამო მარფისა და რამდენიმე პატიმარს მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე უეისაიდში წაიყვანენ. ავტობუსში მათთან ერთადაა უეისაიდის ოფიცერი ენ მერი კანინგჰემი, რომელიც მარფის თავიდანვე აითვალწუნებს. ავტობუსი აღმოსავლეთ საილენთ ჰილის სიახლოვეს ჩაივლის და, მოულოდნელად, უფსკრულის პირას აღმოჩნდება. მძღოლი საჭეს დაატრიალებს, რაც მანქანას გზიდან გადაიყვანს და გორაკიდან დააგორებს.

მარფი ტყეში, დამტვრეულ ავტობუსთან მოვა გონს. იგი გაქცევას დააპირებს, თუმცა უფსკრულთან ენს გადაეყრება, რომელიც მის დაკავებას შეეცდება, რა დროსაც მას ფეხი დაუცდება და კლდის შვერილს მოეჭიდება. მოთამაშის არჩევანზეა დამოკიდებული, მარფი მას დაეხმარება, თუ არა, რაც თამაშის დასასრულზე იმოქმედებს. ენი უფსკრულში ყველა შემთხვევაში ჩავარდება.

მარფი საილენთ ჰილის გარეუბნებში დაიწყებს ხეტიალს. აქ იგი არაბუნებრივად მშვიდ ფოსტალიონ ჰოუარდ ბლეკვუდს შეხვდება, რომელიც მას ეტყვის, რომ ქალაქიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება საბაგირო გზაა. ახლომდებარე სახლის ფანჯარაში მარფი ინვალიდის სავარძელში მჯდომ ფუგურას შენიშნავს, ჰოუარდი, რომელმაც, სავარაუდოდ, იგი ვერ დაინახა, კი დარჩენილი ფოსტის დასარიგებლად გაემართება.

სასადილო დევილზ პიტსტოპის სამზარეულოში მარფი აღმოაჩენს, რომ გაზია მოშვებული და მის გადაკეტვას გადაწყვეტს, რა დროსაც შემთხვევით ცეცხლს გააჩენს. მის ჩასაქრობად იგი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას გაააქტიურებს. მას შემდეგ, რაც ოთახი წყლით დაიფარება, მარფი სხვა სამყაროს სასადილოში აღმოჩნდება. ახალი გარემოს დათვალიერებისას იგი შავ ხვრელს გადააწყდება, რომელიც ყველაფერს ისრუტავს. მარფი მისგან თავის დაღწევას შეძლებს და ნორმალურ სამყაროში დაბრუნდება.

სასადილოს სიახლოვეს მარფი მიტოვებულ სახლს იპოვის. იქ იგი ერთ-ერთ პატიმარს, სანჩეზს შეხვდება, რომელიც ერთი შეხედვით უმწეო ქალს სცემს. მარფი მის შეჩერებას შეეცდება. „მსხვერპლი“ სინამდვილეში სკრიმერი აღმოჩნდება, რომელიც სანჩეზს ყელს გამოჭრის. მარფი ურჩხულს შეებრძოლება და მოკლავს. იგი ამ ადგილის დათვალიერებას შეუდგება და პოლიციელის ტანსაცმელსა და სამკერდე ნიშანს იპოვის, რომელზეც შავი ნაჭერია შემოხვეული ნიშნად იმისა, რომ მისი პატრონი მკვდარია. მას შემდეგ, რაც მარფი პატიმრის ფორმას გაიხდის, იგი არკადა Jail Break-ს (ქართ. „ციხიდან გაქცევა“) ითამაშებს და საბაგიროს ბილეთს მოიგებს. მისი მეშვეობით იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ საილენთ ჰილში მდებარე დევილზ პიტში გადაინაცვლებს.

იქ მარფი დევილზ პიტის ყოფილ გიდს - ჯონ სატერს შეხვდება, რომელიც მას მაღაროებში მდებარე რკინიგზის ტრანსპორტზე უამბობს, რომელსაც მისი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადაყვანა შეუძლია. გამოქვაბულებში მარფი გაზეთის სტატიას აღმოაჩენს, რომელშიც დევილზ პიტში მომხდარი ავარიის შესახებ წერია, რომელსაც რვა ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. წასვლის წინ მარფი სატერს უფსკრულის პირას იპოვის. იგი თავის მოკვლას აპირებს, რადგან დანაშაულის ტვირთის ზიდვა აღარ შეუძლია. მოთამაშის არჩევანზეა დამოკიდებული, მარფი მას დაეხმარება, თუ არა. სატერი ყველა ვარიანტში გადახტება. გამოქვაბულებში მარფი მატარებელს იპოვის და დაძრავს, თუმცა მას თავს ურჩხულები დაესხმებიან, რის შედეგადაც მატარებელი დაგორდება და მარფი გონებას დაკარგავს.

გონზე მოსვლის შემდეგ მარფი სისხლიან ენს გადაეყრება, რომლის ერთადერთ მიზანს, როგორც ჩანს, მარფის დაკავება წარმოადგენს. მისი გაჩხრეკის შედეგად ენი პოლიციელის სამკერდე ნიშანს იპოვის, რაც მას შეძრავს. იგი განაცხადებს, რომ მარფისნაირი ადამიანები სიცოცხლეს არ იმსახურებენ და მას ლამის ესვრის. იგი ჩაიკეცება და ატირდება, მარფის კი წასვლას სთხოვს.

საილენთ ჰილის ქუჩებში ხეტიალისას მარფი უამრავ ურჩხულს შეხვდება. წვიმის წამოსვლის შემდეგ იგი ერთ-ერთ შენობას შეეფარება და რადიოში დიჯეი ბობი რიკსის ხმას გაიგებს, რომელიც დახმარებას ითხოვს. მარფი მის სანახავად გაემართება და კვლავ ჰოუარდ ბლეკვუდს გადაეყრება. ნისლში გაუჩინარების წინ იგი მარფის ეტყვის, რომ რადიოსადგური ასი წლის შენობაში მდებარეობს.

იქ მისულ მარფის თვალწინ წარსულის კადრები წარმოუდგება. იგი გაიხსენებს, რომ სიუელისა და მის საუბარს ოფიცერმა ფრენკ კოლერიჯმა მოჰკრა თვალი. მან მარფი მოიხმო და ჰკითხა, თუ რაზე ლაპარაკობდნენ ისინი. მარფიმ კითხვა აირიდა. ფრენკმა იგი გააფრთხილა, რომ სიუელის ნდობა არ შეიძლება. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის, თუ რატომ გაიტაცა მარფისნაირმა ჭკვიანმა ადამიანმა პოლიციის მანქანა უმიზეზოდ. მოგვიანებით, მარფის თვალწინ სხვა სცენა წარმოუდგება: იგი სიუელს ეტყვის, რომ ნეიპიერის მოსაკლავად მზადაა. სიუელი განაცხადებს, რომ ამიერიდან იგი მისი მოვალეა და გადაკვრით იტყვის, რომ მარფი ციხეში სწორედ ნეიპიერზე შურისსაძიებლად ჩაჯდა.

მარფი რიკსს იპოვის, რომელიც თავიდან არაბუნებრივად წყნარია, მალე კი აღელვდება და ლაპარაკს ჩურჩულით დაიწყებს - თითქოს მას ვიღაც უსმენსო. რიკსი მარფის ეტყვის, რომ დიდი ხანია, რაც სადგურს მართავს და დახმარებას ელის. იგი განაცხადებს, რომ ქალაქისგან თავის დასაღწევად მათ მისი კატერის გამოყენება შეუძლიათ. მარფის იგი ამ კატერის გასაღების პოვნას დაავალებს, რომელიც მას ვიღაცამ მოჰპარა და განაცხადებს, რომ ქალაქს თავისი „წესები“ აქვს, რასაც ისინი უნდა დაემორჩილონ. მოულოდნელად ოთახში იარაღმომარჯვებული ენი შემოიჭრება, რომელიც კიდევ ერთხელ დააპირებს მარფის დაკავებას, რა დროსაც სტუდიას ურჩხულები შეუტევენ. მარფი ციხის მსგავს სხვა სამყაროში გადაინაცვლებს, სადაც იგი შავ ხვრელს გაექცევა, უილმენს შეხვდება და ბოლოს საათის კოშკიდან გადავარდება.

მარფის ნისლის სამყაროში მოვა გონს. მას თავს ჰოუარდ ბლეკვუდი წაადგება და წერილს გადასცემს, რომელშიც წერია, რომ იგი წმ. მარიას მონასტერშია დაბარებული. თავდაპირველად მარფი წერილის მიღებაზე უარს განაცხადებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჰოუარდი მას ეტყვის, რომ ეს ისაა, რაც მას სჭირდება, მარფი მას დასთანხმდება. დანგრეულ მონასტერში მისულ მარფის მონაზონი შეხვდება, რომელიც მას ეტყვის, რომ ის ერთადერთი ოჯახია, რომლის მოძიებაც მათ შეძლეს. იგი მარფის ადგილის დათვალიერებას ურჩევს და მას მონასტრის მორგში დაიბარებს.

მორგისკენ მიმავალ გზაზე მარფი პატარა ბიჭს იპოვის, რომელიც დაკეტილ კარს მიღმა იმყოფება. იგი კარის გაღებაზე უარს იტყვის, რადგან მიიჩნევს, რომ მარფი ბუგიმენია, როგორც ეს მას გოგონამ უთხრა. მარფი იმ ლექსის ნაწილების შეგროვებას შეუდგება, რომელსაც მონასტრის ბავშვები ბუგიმენის განსადევნად კითხულობდნენ ხოლმე. ამ დროს მას მოაგონდება, რომ რამდენიმე წლის წინ მისი შვილი ჩარლი პატრიკ ნეიპიერმა ტბაში დაახრჩო. მას შემდეგ, რაც მარფი ჩაკეტილ კარს მიუახლოვდება, იგი მის მიღმა ბუგიმენს დაინახავს, რომელიც ბიჭს ნელ-ნელა უახლოვდება. სანამ მარფი ლექსის წაკითხვას ცდილობს, ურჩხული ბავშვს მოკლავს, რის შემდეგაც იგი თითს პირთან მიიტანს, რითაც მარფის მიანიშნებს, რომ იგი უნდა გაჩუმდეს.

მას შემდეგ, რაც კარი გაიხსნება, მარფი დაინახავს, რომ მოკლულს ჩარლის გარეგნობა აქვს. იგი ტირილს დაიწყებს, გოგონა კი მას ბიჭის მკვლელობაში დაადანაშაულებს და გაიქცევა. ბუგიმენისგან მისი დაცვის მიზნით მარფი გოგონას დაედევნება, რა დროსაც მონასტერი სხვა სამყაროდ გარდაიქმნება. მარფი შავ ხვრელსა და ბუგიმენს დაუსხლტება და მორგამდე მიაღწევს, სადაც მას მონაზონი დახვდება, რომელიც ვიღაცის ცხედართან დგას. მარფი განაცხადებს, რომ რაღაც შეცდომაა, რადგან მან შვილი წლების წინ დამარხა. მონაზონი მას უპასუხებს, რომ ყველა თავისებურად გლოვობს. იგი ცხედარს ზეწარს გადახდის, რომლის ქვეშ მკვდარი ბუგიმენი აღმოჩნდება. მარფი აყვირდება, რომ იგი მისი შვილი არაა, არამედ მკვლელია, თუმცა მონაზონი მას ეტყვის, რომ მან იგი თავისად უნდა მიიღოს. იგი მშვიდად დაიწყებს საუბარს შურისძიების საფრთხეებისა და იმ გზის შესახებ, რაც მარფიმ მის განსახორციელებლად აირჩია. მარფი აღიარებს, რომ პატრიკ ნეიპიერის სიკვდილმა არაფერი შეცვალა, თუმცა თავისი საქციელის გამართლებას მაინც შეეცდება. მონაზონი იტყვის, რომ პასუხი ზუსტად მის წინაშეა - მხოლოდ წინ გახედვაა საჭირო.

მარფი შენიშნავს, რომ ბუგიმენს კისერზე გასაღები აქვს ჩამოკიდებული, რომელზეც ვერცხლისფერი ბრელოკია მიმაგრებული, წარწერით „თავისუფლება“. იგი გააცნობიერებს, რომ ეს რიკსის კატერის გასაღები უნდა იყოს. მონაზონი მას ეტყვის, რომ გასაღები მისი იქნება, თუ ბუგიმენს თავისად მიიღებს. მას შემდეგ, რაც მარფი გასაღებს აიღებს, ბუგიმენი გაცოცხლდება და მას შეუტევს. ისინი ტყეში, ტბის პირას გადაინაცვლებენ, სადაც ერთმანეთს შეებრძოლებიან. მარფი ბუგიმენის უროს ჩაიგდებს ხელში, რითაც მას მოკლავს კიდეც. ამის შემდეგ იგი კვლავ მორგში, ბუგიმენის ცხედართან აღმოჩნდება, რომელსაც ნიღაბი აქვს მოხსნილი. იგი ხან მარფის, ხან − ნეიპიერის გარეგნობას იღებს. ამ დროს ჩარლი გამოჩნდება და მამას ბუგიმენის დამარცხებას მიულოცავს. მარფი იტყვის, რომ მას მაინც ვეღარაფერი დააბრუნებს. ჩარლი მას დაამშვიდებს და ეტყვის, რომ რაც მოხდა, მისი ბრალი არ იყო.

მონასტრიდან გამოსული მარფი საკანალიზაციო არხების გავლით ნავმისადგომამდე მიაღწევს. იგი რიკსის კატერს დაძრავს და ჰორიზონტისკენ გაემართება. მოულოდნელად მის უკან იარაღმომარჯვებული ენი გაჩნდება და მას კატერის მოტრიალებას უბრძანებს. იგი განაცხადებს, რომ ქალაქი მათ არ გაუშვებს მანამ, სანამ ისინი დაუმთავრებელ საქმეებს არ დაასრულებენ. უკან დაბრუნებაზე მარფი უარს განაცხადებს და ენს ეტყვის: „შეგიძლია მესროლო კიდეც“. ენი გაისვრის.

მომდევნო სცენაში სიუელი მარფის შეახსენებს, რომ ის მას მისი შვილის მკვლელზე შურისძიებაში დაეხმარა და განაცხადებს, რომ სამაგიეროს დაბრუნების დრო დადგა. იგი მარფის ვიღაცის მოკვლას დაავალებს, რომელიც, მისი თქმით, ამას იმსახურებს და მას ამცნობს, რომ საღამოს ციხეში აჯანყება მოხდება, რაც მას საშხაპეში შეპარვისა და ამ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

მარფი სამეთვალყურეო ციხის საკანში იმყოფება. გისოსებს მიღმა უილმენია, რომელიც მას უყურებს. ის მალევე წავა, რის შემდეგაც საკნის კარი გაიხსნება. იქიდან გამოსული მარფი ქაღალდის ნაგლეჯს იპოვის, რომელზეც წერია, რომ იგი საშხაპეში ვიღაცას უნდა შეხვდეს. საშხაპეში მარფი სისხლის გუბეს, დანას, პოლიციელის სამკერდე ნიშანსა და მტკიცებულებათა პაკეტს იპოვის. მათი შემოწმების შემდეგ მარფის უკნიდან ხმა მოესმება. იგი ნათებას დაინახავს და მისი მიმართულებით წავა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას მიუახლოვდება, ნათება ჩაქრება და კარების ქვეშიდან სისხლი გამოვა. მათი გახსნის შედეგად მარფი სხვა საშხაპეს იპოვის, რომლის შუაგულში შეფუთული ცხედარი დევს.

როგორც კი მარფი გვამს მიუახლოვდება, იგი სხვა სამყაროში აღმოჩნდება. ურჩხულებისა და შავი ხვრელისაგან თავის დაღწევის შემდეგ იგი უზარმაზარ კარს მიაღწევს. მის წინ სასწორის თეფშები კიდია. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანზე მარფი საშხაპეში ნაპოვნ ნივთებს მოათავსებს, კარი გაიხსნება. შიგ იგი პლატფორმებითა და საკნებით გარშემორტყმულ გიგანტურ უილმენს შეებრძოლება. მისი დამარცხების შემდეგ მარფი კვლავ საშხაპეში აღმოჩნდება. მის ფეხებთან ურჩხულის გვამი დევს. ამ დროს ოთახში ენი შემოვა და მარფის განსჯას დაიწყებს. გაუგნებული მარფი ძირს დაიხედავს და უილმენის ნაცვლად ფრენკ კოლერიჯის ცხედარს დაინახავს.

მარფის გაახსენდება, რომ აჯანყების ღამეს იგი საშხაპეში კოლერიჯს შეხვდა, რომელიც იქ სიუელს უცდიდა. ფრენკმა შენიშნა, რომ იგი ზურგს უკან რაღაცას მალავდა. ამ დროს ოთახში სიუელი შემოვიდა და მარფის კოლერიჯის მოკვლა უბრძანა.

გაირკვევა, რომ ენი ფრენკ კოლერიჯის ქალიშვილი ყოფილა. იგი განაცხადებს, რომ მამამისი დიდებული ადამიანი იყო, რომელიც თავდასხმის შედეგად სიკვდილის ბოლომდე ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. ენი იტყვის, რომ მამის ყოველ დანახვაზე იგი ურჩხულს - მარფის ხედავდა, რომელიც ბუგიმენად გარდაიქმნება, და აღიარებს, რომ მის უეისაიდში გადმოსაყვანად მან თავისი ავტორიტეტი გამოიყენა და „საზიზღრობები“ გააკეთა. იგი ბუგიმენს ესვრის, რომელიც მას დაედევნება. გამომდინარე იქიდან, მოთამაშე გადამწყვეტ ბრძოლას გადაურჩება, თუ ვერა, ენს დაინდობს, თუ არა, ასევე გამომდინარე მოთამაშის მიერ თამაშის მანძილზე გაკეთებული მორალური არჩევნებიდან, იცვლება დასასრული.

დასასრულებირედაქტირება

  • Forgiveness („პატიება“) - ბუგიმენი მარფი ენს განაიარაღებს და მის თავზე უროს აღმართავს. თუ მოთამაშე ენის დანდობას გადაწყვეტს, ბუგიმენი უროს მიწაზე დააგდებს და წავა. მომდევნო სცენიდან გაირკვევა, რომ ფრენკ კოლერიჯი არა მარფიმ, არამედ სიუელმა დააინვალიდა. მანვე მოკლა პატრიკ ნეიპიერიც მას შემდეგ, რაც იგი მარფიმ სასტიკად სცემა, თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო. მარფის ადამიანის სახე დაუბრუნდება და ენს პატიებას სთხოვს. ენი მიხვდება, რომ სინამდვილეში ის კარგი ადამიანია და მას აპატიებს. ისინი ტბის პირას დგანან. ენი რაციით გადასცემს, რომ მარფი მკვდარია და მას გაუშვებს. ამ დასასრულის მისაღწევად საჭიროა მოთამაშემ დაინდოს ენი და თამაში დადებითი ქულით დაასრულოს.
  • Full Circle („სრული წრე“) - ენის მოკვლის შემდეგ თავზარდაცემული მარფი გააცნობიერებს, რომ იგი ურჩხულად გადაიქცა. იგი ენის პისტოლეტს აიღებს და ტყვიას საფეთქელში დაიხლის, რის შემდეგაც კვლავინდებურად სამეთვალყურეო ციხეში მოვა გონს. მას საილენთ ჰილში ნანახი ადამიანების ხმები ჩაესმის, გისოსებს მიღმა კი უილმენია, რომელიც მას უმზერს. მარფი მიხვდება, რომ იგი დაუსრულებულ წრეშია მოქცეული. ამ დასასრულის მისაღწევად საჭიროა მოთამაშემ მოკლას ენი და თამაში დადებითი ქულით დაასრულოს.
  • Truth and Justice („სიმართლე და სამართალი“) - ეს დასასრული Forgiveness-ის მსგავსია, თუმცა აქ ნეიპიერის მკვლელი მარფია. მარფი და ენი ძლიერი შტორმის დროს დამტვრეულ ავტობუსთან მივლენ. მარფი განაცხადებს, რომ იგი სადღაც უნდა წავიდეს და ტბისკენ გაემართება, სავარაუდოდ თავის მოსაკლავად. მომდევნო სცენაში ენი ციხე რიალშია. იგი სიუელს ეტყვის, რომ ფრენკი მამამისი იყო და რომ მათ სალაპარაკო აქვთ. მას ზურგს უკან იარაღი აქვს დამალული. ამ დასასრულის მისაღწევად საჭიროა მოთამაშემ დაინდოს ენი და თამაში უარყოფითი ქულით დაასრულოს.
  • Execution („სიკვდილით დასჯა“) - მომდევნო სცენაში რიალის სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებელი კამერა ჩანს. მარფის ორი ადამიანის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი. მათგან პირველი მისი შვილი ჩარლია, რომელიც მან მას შემდეგ მოკლა, რაც ცოლმა მას შვილზე მზრუნველობის უფლება წაართვა, მეორე კი ფრენკ კოლერიჯია. სიუელი მარფის ჰკითხავს, სიკვდილის წინ რამეს თქმა ხომ არ სურს. მარფი მას დაცინვით უპასუხებს, რომ ერთმანეთს ჯოჯოხეთში შეხვდებიან. ამ დასასრულის მისაღწევად საჭიროა მოთამაშემ მოკლას ენი და თამაში უარყოფითი ქულით დაასრულოს.
  • Surprise! („სიურპრიზი!“) - სამეთვალყურეო ციხიდან გაქცევის მიზნით მარფი გვირაბს კოვზით გათხრის. იგი ერთ ოთახში ამოძვრება, სადაც მაგიდაზე დიდი ტორტი დევს. ჯეიმსი, მერი, ლორა, ჰითერი, ენი, ფრენკი, სიუელი, პატარა ბიჭი მონასტრიდან, რიკსი და ორი ექთანი ერთხმად დაიყვირებენ „სიურპრიზი!“, პირამიდის თავიანი კი თავისი უზარმაზარი დანით ტორტს მაგიდიანად გაჭრის შუაზე. ამ დასასრულის მისაღწევად საჭიროა მოთამაშემ ხელმეორედ დახუროს თამაში და წარსულის გათხრის საიდკუესტი შეასრულოს.
  • Reversal („გადახვევა“) - მას შემდეგ, რაც ენი ბუგიმენ მარფის მოკლავს, იგი ციხე რიალში გაიღვიძებს. ეს დასასრული თამაშის დასაწყისს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ სიუელის ადგილას მარფია, რომელიც ოფიცრის ფორმაშია გამოწყობილი, საკანში კი ენია მოთავსებული, რომელიც შეშინებული და გაუგნებული იყურება. მარფი იტყვის, რომ მას მისი წასვლის გამო გული სწყდება, რის შემდეგად იგი ენის გადაყვანის ბრძანებას გასცემს. თამაში ამგვარად იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ ენი ბუგიმენს მოკლავს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი