საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
Halo of the Sun

ორდერის ბეჭედი – მზის ორეოლი

ორდერი საილენთ ჰილში მოქმედი დამახინჯებული რელიგიური შეხედულებების მქონე ფანატიკოსთა კულტი იყო, რომელმაც რეგიონში მდებარე სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, შეპჰერდს გლენშიც მოიკიდა ფეხი.

მიზნის მისაღწევად ორდერისათვის ადამიანთა გატაცება, წამება, მოკვლა და სხვაგვარი ძალადობა ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენდა. სწორედ ორდერმა შესწირა მსხვერპლად ალესა გილესპი და, შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ამის შედეგად ქალაქს დაატყდა თავს. ობოლთა თავშესაფარ უიშ ჰაუზში ამავე ორგანიზაციამ შეშალა ჭკუიდან უოლტერ სალივანი.

საილენთ ჰილის ისტორიასა და კულტურაში ორდერმა ფესვები მტკიცედ გაიდგა. მის სიმბოლოს მზის ორეოლი წარმოადგენდა. კულტის წევრები მას რიტუალების შესრულებისას ხშირად იყენებდნენ ხოლმე. შინ დაბრუნების მოვლენების შედეგად ორდერი, სავარაუდოდ, განადგურდა.

ისტორია[]

დაკარგულ მოგონებათა წიგნი ორდერის შექმნაზე საუბრობს. მის თანახმად, საილენთ ჰილის ადგილობრივი რელიგია ამ სექტის იდეოლოგიის იდენტური არ ყოფილა. საილენთ ჰილის დაარსებამდე ეს ადგილი წმინდა მიწად იყო მიჩნეული და აქ რიტუალები აღესრულებოდა ხოლმე. რეგიონის ადგილობრივი სარწმუნოება რელიგიად სულ რამდენიმე ათეული წლის წინათ გარდაქმნილა. განსაკუთრებით იგი ვინსენტ სმითის წყალობით გაძლიერდა. შეიძლება ითქვას, რომ ალესა, რომელიც მიახლოებით 30 წლის წინ დაიბადა, სექტამ წმინდანად შერაცხა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბებიდან დიდი ხანი არაა გასული. თუმცა პირველ თამაშში კულტის ეკლესია ჩვეულებრივ ქრისტიანულ ტაძარს ჰგავს, მესამე თამაშში ეს ასე აღარაა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ამ 17 წლის მანძილზე ქალაქზე სექტის გავლენა საგრძნობლად გაზრდილა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სხვა სამყაროს ეკლესიის საძირკველი იმ შენობის ნანგრევია, სადაც ქალაქის ძველი მკვიდრნი თავიანთ რიტუალებს ასრულებდნენ ხოლმე, რასაც მის კედლებზე არსებული ტექსტი მოწმობს. ორდერის იდეოლოგია შემდეგ მითს ეფუძნებოდა: „ერთხელ [ქალ]ღმერთმა სამოთხის შექმნა გადაწყვიტა და მას ძალები გამოელია, თუმცა მოვა დღე, როცა ღმერთს კვლავ გააცოცხლებენ. გაიღება სამოთხის კარები და ყველა გადარჩება“. მის წევრებს სწამდათ, რომ კაცობრიობის გარიჟრაჟზე მხოლოდ ტანჯვა და სიძულვილი არსებობდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მოსაზრება დაედო საფუძვლად რწმენათა ამ სისტემას.

ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ქალაქის პურიტანულმა მოსახლეობამ ცეცხლზე დაწვა ჯადოქრობაში მხილებული ჯენიფერ კაროლი, რომელიც ორდერის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ორდერმა იგი წმინდანად შერაცხა, თუმცა მაშინ კულტი ამ სახელით არ იწოდებოდა.

პირველი თამაშის 1983 წლის მოვლენების შემდეგ ორდერი ქაოსმა მოიცვა, თუმცა იგი ვინსენტ სმითის ინვესტიციამ გადაარჩინა. მესამე თამაშში, რომლის სიუჟეტი 2000 წელს ვითარდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი სექტის გარდა ორდერის ყველა სექტა განადგურდა, ხოლო შინ დაბრუნების 2007 წლის მოვლენების შედეგად შეფერდს გლენში მოქმედი მისი უკანასკნელი სექტაც მოისპო.

სექტები[]

წმინდა ქალის სექტა - წმინდა ქალის სექტა დალია გილესპის ირგვლივ ცენტრალიზებული სექტა იყო, რომელიც ღმერთის დედამიწაზე დაბრუნებას ელოდებოდა. მისი მოსვლის დაჩქარების მიზნით დალიამ მსხვერპლად თავისი შვილი ალესა შესწირა. ამ სექტის წევრები იყვნენ: დალია გილესპი, კლაუდია ვულფი, ვინსენტ სმითი და ლეონარდ ვულფი. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი ქვეყნად აპოკალიფსს მოიტანდა, მორწმუნეებს კი სამოთხეში გადაიყვანდა. კლაუდიას აზრით, მხოლოდ სიგიჟესა და ტანჯვაში შობილმა ღმერთმა შეიძლება იცოდეს ხსნის გზა.

წმინდა დედის სექტა - წმინდა დედის სექტის წევრებმა მათ მიერ მართულ ობოლთა თავშესაფარ უიშ ჰაუზში ჯადოქარი აღზარდეს. ისინი განსაკუთრებით დედაბოძს ეთაყვანებოდნენ და ღმერთს „წმინდა დედას“ ეძახდნენ. მათ სწამდათ, რომ წმინდა დედას ჯადოქრის მიერ შესრულებული რიტუალი ჩამოიყვანდა და მას წმინდა საგანში მოათავსებდა. ამ სექტის ერთ-ერთი წევრი ტობი არჩბოლტი იყო. თუმცა წმინდა ქალის სექტასთან შედარებით წმინდა დედის სექტა უფრო მშვიდი იყო, მისი ბოროტი ბუნება კარგად იკვეთება თავშესაფრის ბავშვებისადმი, მათ შორის, უოლტერ სალივანისადმი, სასტიკ მოპყრობაში.

ვალტიელის სექტა - ვალტიელის სექტის ლიდერი ჯიმი სტოუნის იყო. მის წევრებს თავზე წითელი ფერის პირამიდული ქუდები ეფარათ და ვალტიელის საპატივცემულოდ ჯალათებივით იქცეოდნენ. მისი წევრი ჯორჯ როსტენიც იყო.

შეპჰერდს გლენის სექტა - თუმცა შეპჰერდს გლენში მოქმედი სექტა კულტის დანარჩენი ნაწილისგან მოწყვეტილი იყო და მისი წევრები შედარებით მშვიდობიან და სტაბილურ ცხოვრების წესს ეწეოდნენ, ისინი ორდერის ძირითად პრინციპებს ემორჩილებოდნენ, მათ შორის, სწამდათ ღმერთისა და დისციპლინის. სექტის შექმნისას ოთხმა ოჯახმა ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმად ყოველ 50 წელში თითოეული ოჯახიდან ერთი ბავშვი უნდა შეწირულიყო მსხვერპლად, რაც შეპჰერდს გლენს სხვა სამყაროსგან დაიცავდა. მას შემდეგ, რაც ადამ შეპჰერდი ვალდებულებას არ შეასრულებს, ხელშეკრულება დაირღვევა და შეპჰერდს გლენს სხვა სამყაროს დემონური ძალები მოიცავენ. ამ სექტის წევრები იყვნენ: კურტის აკერსი, ადამ შეპჰერდი, ლილიან შეპჰერდი, სემ ბარტლეტი, მარტინ ფიტჩი, მარგარეტ ჰოლოუეი და სხვები.

Advertisement