საილენთ ჰილი Wiki
Advertisement
ჰითერ მეისონი
Heather Mason
ჰითერი Silent Hill 3-დან
სქესი
მდედრობითი
ასაკი
17 (დაიბადა 1983 წელს)
სტატუსი
ცოცხალი
საქმიანობა
ძიძა
გამოჩნდა
Silent Hill
Silent Hill: Play Novel
Silent Hill 3
Silent Hill: Downpour (კამეო)
Silent Hill: Book of Memories
ახმოვანებს
ჰითერ მორისი (Silent Hill 3)
ამანდა უინ-ლი (Silent Hill HD Collection/Silent Hill: Book of Memories)

ჰითერ მეისონი Silent Hill 3-ის გმირი და სერიების ერთადერთი პირველხარისხოვანი ქალი პერსონაჟია. ჰითერი შერილ მეისონისა და ალესა გილესპის რეინკარნაციას წარმოადგენს. იგი ჰარი მეისონის შვილობილია.

Silent Hill 3

ქვემოთ მოცემულია თამაშის სიუჟეტი. გირჩევთ, არ წაიკითხოთ ის, თუ თამაში დახურული არ გაქვთ.

ცენტრალური მოედნის სავაჭრო ცენტრში მამის დავალებით მისულ ჰითერს ჩაეძინება. სიზმარში მას საილენთ ჰილის ტბისპირა გასართობ პარკში როლერ კოსტერი დაეჯახება. გამოღვიძებული ჰითერი მამას დაურეკავს და ეტყვის, რომ შინ ბრუნდება. სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლის წინ ჰითერს დუგლას კარტლანდი შეხვდება, რომელიც მასთან მისი დაბადების შესახებ გასაუბრებას შეეცდება, რაც ჰითერს არ დააინტერესებს. მას შემდეგ, რაც დუგლასი მას აედევნება, ჰითერი ტუალეტში შევა და ფანჯრიდან გაქცევას დააპირებს, თუმცა ფანჯარა მას დაკეტილი დახვდება, რის გამოც იგი სავაჭრო ცენტრში დაბრუნდება. იქ იგი ურჩხულს გადააწყდება, რომელსაც რევოლვერით მოკლავს.

ურჩხულებით სავსე შენობაში მოხეტიალე ჰითერი ქერათმიან და შავებში ჩაცმულ ფეხშიშველ ქალს ნახავს, რომელიც თავს კლაუდია ვულფად წარადგენს და ჰითერს ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხისა და მისი „ნამდვილი“ მეს შესახებ დაუწყებს საუბარს. მას შემდეგ, რაც კლაუდია წავა, ჰითერს ძლიერი თავისტკივილი დაეწყება. ქვედა სართულზე ლიფტით ჩასვლის შემდეგ იგი სხვა სამყაროს სავაჭრო ცენტრში აღმოჩნდება, სადაც მატლისმაგვარ გიგანტურ ურჩხულს შეებრძოლება და დაამარცხებს, რის შემდეგაც ნორმალური რეალობა დაბრუნდება.

სახლამდე მისვლას ჰითერი მეტროთი გადაწყვეტს. სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლის წინ იგი კვლავ დუგლასს შეხვდება. ჰითერი მას კლაუდიას თანამზრახველად ჩათვლის. დუგლასი განაცხადებს, რომ იგი მის მოსაძებნად დაიქირავეს და რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ირგვლივ. ჰითერი მის სიტყვებს დაიჯერებს. მას გაახსენდება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაავიწყდა და უცნაური გრძნობა დაეუფლება. იგი შინისაკენ გაემართება.

მეტროს გვირაბებში, მიწისქვეშა კორიდორებისა და საკანალიზაციო არხებში ხეტიალის შემდეგ ჰითერი თავს ჰილტოპ სენტერში ამოყოფს, სააბაზანოში მყოფი კვლავ სხვა სამყაროში გადავა და გონებას დაკარგავს. გამოფხიზლების წინ მას მამის ხმა ჩაესმება. ჰითერი მალევე შეხვდება ვინსენტ სმითს, რომელიც კლაუდიას სექტის წევრია, თუმცა მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს. იგი ჰითერს ეტყვის, რომ მან ჰარი მეისონისა და დალია გილესპის შესახებ იცის და რომ მის მხარესაა, თუმცა სხვა სამყაროსადმი მისი არხეინი დამოკიდებულება ჰითერს ეჭვებს გაუჩენს.

ჰილტოპ სენტერიდან გამოსვლის შემდეგ ჰითერი თავის ბინაში მივა, სადაც სავარძელში მოკლულ ჰარის იპოვის. იგი მუხლებზე დაეცემა და მამის კალთაზე ატირდება. ემოციების მოთოკვის შემდეგ იგი სისხლის კვალს გაჰყვება, რაც მას სახურავზე კლაუდიასთან მიიყვანს. ჰითერი მას ჰარის მოკვლისათვის პასუხს მოსთხოვს. კლაუდია განაცხადებს, რომ მან ეს ჰარიზე შურისსაძიებლად და ჰითერის გულის სიძულვილით ასავსებად გააკეთა. იგი ჰითერს მისიონერთან ერთად ჩაკეტავს სახურავზე. ჰითერი ურჩხულს შეებრძოლება და მოკლავს. ბინაში დაბრუნების შემდეგ იგი დუგლასს შეხვდება, რომელიც მას მიუსამძიმრებს. ჰითერი დაიყვირებს, რომ ყველაფერი რაც მოხდა, მისი ბრალია. დამშვიდების შემდეგ, დუგლასის დახმარებით იგი ჰარის ცხედარს ოთახში შეტანს და საწოლზე დაასვენებს. იგი მას ზედ თეთრ ზეწარს გადააფარებს, რაზეც შროშნებს დააწყობს. დუგლასის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰითერი კლაუდიას პოვნასა და მის მოკვლას გადაწყვეტს. დუგლასი მას საილენთ ჰილში წაყვანას შესთავაზებს, რადგან იგი ჰარის სიკვდილში ნაწილობრივ იდანაშაულებს თავს. ჰითერი მას დასთანხმდება. წასვლის წინ იგი მძიმედ ამოისუნთქავს და მამას პატივს მიაგებს.

დუგლასი ჰითერს საილენთ ჰილის რუკასა და ჰარის რვეულს გადასცემს, სადაც იგი ჩვიდმეტი წლის წინ მომხდარი ამბების შესახებ ყვება. საილენთ ჰილისკენ მიმავალ გზაზე ჰითერი დუგლასს ალესა გილესპის, დალია გილესპის მიერ ღმერთის შობის უშედეგო მცდელობისა და თავისი დაბადების შესახებ მოუყვება. იგი სევდიანად იტყვის, რომ არასდროს უთქვამს მამისთვის, თუ როგორ ბედნიერ ადამიანად აქცია მან იგი.

დუგლასი და ჰითერი შეხვედრის ადგილად საილენთ ჰილის ჯეკს ინს დათქვამენ, რის შემდეგაც ჰითერი საავადმყოფო ბრუკჰევენის დასათვალიერებლად გაემართება.

საავადმყოფოში მისულ ჰითერს ლეონარდ ვულფი, კლაუდიას მამა დაურეკავს და კლაუდიას შეჩერებაში დახმარებას შესთავაზებს. საავადმყოფოს დატბორილ საძირკველში მათ შორის დიალოგი გაიმართება. ჰითერი მალევე მიხვდება, რომ ლეონარდიც შეშლილი ფანატიკოსი ყოფილა. ლეონარდი მეტატრონის ბეჭდის დათმობაზე უარს განაცხადებს. იგი წყლიდან წამოიმართება, რა დროსაც ჰითერი შეიტყობს, რომ ისიც ურჩხული ყოფილა. ლეონარდი ჰითერის მოკვლას შეეცდება, თუმცა ჰითერი მას დაამარცხებს და ბეჭედს მოიპოვებს.

ჯეკს ინში დაბრუნებული ჰითერი ვინსენტს შეხვდება, რომელიც დუგლასის მოსაძებნად მას ტბისპირა გასართობ პარკში გაგზავნის. იქ მისულ ჰითერს თამაშის დასაწყისში ნანახი კოშმარი აუხდება, თუმცა ამჯერად იგი დროულად მოასწრებს ლიანდაგიდან გადახტომას და როლერ კოსტერის შეჯახებას გადაურჩება. იგი კლაუდიას მიერ დაჭრილ დუგლასს იპოვის. ჰითერი მას ადგილზე დარჩენას სთხოვს, თავად კი კლაუდიას ძებნას განაგრძობს.

გასართობი პარკის კარუსელზე ჰითერს ალესას მეხსიერება შეუტევს, რომელიც ღმერთის დაბადებისთვის ხელის შეშლის მიზნით მის მოკვლას შეეცდება. ჰითერი მას დაამარცხებს, რის შემდეგაც იგი გაქრება. ეკლესიაში ჰითერი კლაუდიასა და ვინსენტს შეხვდება, რომელიც მას კლაუდიას მოკვლას უბრძანებს. კლაუდია ვინსენტს დანის ორჯერ დარტყმით მოკლავს. იგი ჰითერს ეტყვის, რომ მეტატრონის ბეჭედი ღმერთის დაბადებას ხელს ვერ შეუშლის. ჰითერი თავის გულსაკიდში დამალულ აგლაოფოტისს დალევს და ღმერთის ემბრიონს ამოაღებინებს. სავარაუდოდ, ემბრონს კლაუდია გადაყლაპავს და ღმერთს შობს. მთავარი ბოსის სახით ჰითერს ნახევრად ჩამოყალიბებული ღმერთი შეებრძოლება, რომელსაც იგი დაამარცხებს.

არსებობს თამაშის სამნაირი დასასრული. პირველის თანახმად ჰითერი დუგლასთან ერთად ტოვებს საილენთ ჰილს. მამის საფლავისთვის პატივის მიგების შემდეგ იგი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და თავს კვლავ შერილს უწოდებს. მეორე დასასრულში შეპყრობილი ჰითერი დუგლასს კლავს და მის გვამს დაჰყურებს. ამო დასასრულში ჰარი, რომელიც ცოცხალი და საღ-სალამათია, უცხოპლანეტელებს საილენთ ჰილის განადგურებას უბრძანებს. Silent Hill: Homecoming-ის თანახმად, ორდერი დუგლას კარტლანდმა გამოააშკარავა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიკური თამაშის ნორმალური (პირველი) დასასრულია. კატეგორია:Silent Hill-ის პერსონაჟები კატეგორია:Silent Hill 3-ის პერსონაჟები კატეგორია:Silent Hill: Downpour-ის პერსონაჟები კატეგორია:Silent Hill: Book of Memories-ის პერსონაჟები

Advertisement